დეკემბერი 8, 2015

,,საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სისტემა - გამოწვევები და პერსპექტივები”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქობულეთში მასშტაბური სამდღიანი კონფერენციას გამართა. კონფერენციის თემა იყო ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სისტემა - გამოწვევები და პერსპექტივები”.
კონფერენციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, დარგობრივი სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მიზანი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმებისა და პროცედურების ანალიზის განხორციელება და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება.
კონფერენცია ასევე ითვალისწინებდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის კულტურის განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას, განახლებული მიდგომების შემუშავებას, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას სწავლა/სწავლების, კვლევისა და დასაქმების მიზნით.