თებერვალი 17, 2017

ეთსსუ-ში საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ დასკვნითი ტური ჩატარდა

2017 წლის 16 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე, ასევე, ქვემო-ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, რუსთავის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ინტელექტუალური შეჯიბრის ტურში გამარჯვებულს, ქ. რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეს სოფო ქურდაძეს ტიტული –„რუსთავის ეტალონი“ მიენიჭება.

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზე გამოავლენს "ეტალონ“ მოსწავლეებს. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.